სახაროვის პრემია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს და 11 მოსამართლეს, მათ შორის გოჩა ლორთქიფანიძეს, გადაეცემათ

აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის 2026 წლის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მის ოფიციალურ პირებს მიენიჭათ. ჯილდო 11 მოსამართლეს, მათ შორის ქართველ მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძეს, და მთლიანად ინსტიტუციას გადაეცემათ.
ევროპარლამენტის განცხადებით, პრემია ხაზს უსვამს ICC-ის საქმიანობას, მათ შორის გამოძიებებს, სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლო პროცესებს. ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.
განცხადებაში ნათქვამია: „ყველა მათგანს აქვს მდიდარი კარიერა ეროვნული და საერთაშორისო პროკურატურის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროებში, მათ შორის გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე, მსხვერპლთა უფლებებსა და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობის გამოცდილება“.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სასამართლო საკვანძო აქტორია დაუსჯელობის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ICC, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულება „რომის სტატუტი“ მართავს, მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა. ის იძიებს და საჭიროების შემთხვევაში ასამართლებს პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსა და აგრესიის დანაშაულში.
სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა. მას ყოველწლიურად ანიჭებს ევროპარლამენტი ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს ადამიანისა და ძირითადი უფლებების დაცვისთვის, უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის.
დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართება.











