მსოფლიო

აშშ ჩინელებისთვის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე უვიზო მიმოსვლას 30 ოქტომბრიდან აჩერებს

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს - მიზეზად „სამშობიარო ტურიზმი“ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები სახელდება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. პროგრამა აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე მოგზაურობის შესაძლებლობას იძლეოდა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ხელისუფლებას გააფრთხილეს, რომ პროგრამამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები შექმნას.

შიდა უსაფრთხოების მინისტრის, მარკვეინ მალინის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამოქმედებულ პროგრამას ეხება. იგი ჩინეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ვიზის გარეშე, 14 დღემდე ვადით სტუმრობის უფლებას აძლევდა.

ოფიციალურ შეტყობინებაში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი რისკებზე მიუთითებს: პროგრამამ შესაძლოა ხელი შეუწყოს „სამშობიარო ტურიზმს“, ჯაშუშობასა და მეზობელ კუნძულ გუამზე უკანონო გადასვლას. გუამი აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია.

შეჩერება ძალაში 30 ოქტომბერს შევა და ახალ განმცხადებლებსაც შეეხება და იმ მოგზაურებსაც, რომელთა განაცხადებიც უკვე დამტკიცებულია. პროგრამის ფარგლებში ტერიტორიაზე უკვე მყოფებს ნებადართული ყოფნის ვადის დასრულების უფლება ექნებათ, თუმცა მომავალი ვიზიტებისთვის ვიზა დასჭირდებათ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ