ისრაელში საპარლამენტო არჩევნები იმართება, პირველი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ

ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა განახორციელა.
Reuters-ის ინფორმაციით, კენჭისყრა ადგილობრივი დროით 7:00 საათზე იწყება და 22:00 საათზე მთავრდება. დასრულებისთანავე ისრაელის სატელევიზიო არხები ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ, რაც არჩევნების შედეგებზე პირველ წარმოდგენას შექმნის. ხმების საბოლოო დათვლა 30 ოქტომბრისთვის არის მოსალოდნელი, ოფიციალური შედეგები კი ერთ კვირაში გამოქვეყნდება.
120-ადგილიანი ქნესეთის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს, თუმცა ხშირად ვადამდელი არჩევნებიც იმართება. ადგილები პარტიულ სიებზე, პროპორციული სისტემით ნაწილდება, მანდატის მისაღებად კი პარტიებმა 3.25%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პარტიების ლიდერებს გაესაუბრება, რათა გაარკვიოს, ვის ისურვებენ პრემიერ-მინისტრად. შემდეგ ის კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც, მისი აზრით, მთავრობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი აქვს. შერჩეულ კანდიდატს მთავრობის ფორმირებისთვის 42 დღემდე ვადა ექნება.
Reuters-ის მონაცემით, ისრაელში არცერთ პარტიას დამოუკიდებლად უმრავლესობა არასდროს მოუპოვებია, ამიტომ მთავრობას კოალიცია აყალიბებს და მოლაპარაკებები ხშირად კვირების განმავლობაში გრძელდება. თუ კანდიდატი მთავრობას ვერ შექმნის, შესაძლებლობა სხვებსაც მიეცემათ. თუ მთავრობა საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდება, ინიშნება ახალი არჩევნები, მოქმედი კაბინეტი კი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობს მუშაობას.











