ფონ დერ ლაიენი და კოშტა „სტუდენტურ სიას“ სერბეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა „სტუდენტურ სიას“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. შეტყობინება მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
„სერბეთის მოსახლეობა რეკორდული რაოდენობით მივიდა არჩევნებზე, რათა საკუთარი ქვეყნის მომავალი განესაზღვრა. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით, ასევე ვითანამშრომლოთ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის“, - აცხადებენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.
„სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას ულოცავს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიც.
„დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით გამართული თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მოქალაქეები ისტორიულად მაღალი აქტივობით მივიდნენ არჩევნებზე. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას! სწორედ ეს ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს ევროკავშირს. სერბეთისთვის ახალი ეტაპი იწყება. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიაროთ წინ“, - წერს კოსი.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. „სტუდენტურმა სიამ“ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია „სერბეთის პროგრესული პარტია“ დაამარცხა.











