პაპუაშვილი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციაზე: „ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ!“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პროკურატურის რეკომენდაციაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება ზოგადად ამ თემაზე მიდის, პროკურატურის ნდობა კი არსებობს.
პაპუაშვილს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა რეკომენდაცია იმას, რომ დავით ფეიქრიშვილის საკანში პატიმარი მართლაც შეიყვანეს და მასზე ძალადობა მოხდა, რის უკანაც პატარიძე დგას. მისი თქმით, ეს ამის დადასტურება არ არის.
„არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ამის დადასტურება. იმის დადასტურებაა, რომ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თუ რაიმე საჭიროა მისთვის ამ პროცედურების საწარმოებლად, შეიძლება მიმართოს. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, რომლის ნაწილიც არის პროკურატურა, არის დამოუკიდებელი, მათ აქვთ საპროცესო კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული. ჩვენ თუ რაიმე პროცედურული საკითხი გვაქვს, კანონებით ვსაუბრობთ ამაზე, საპროცედურო კანონმდებლობის შესწორებებით. დანარჩენი უკვე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების საკითხია. მე ამ საკითხების საქმის კურსში არ ვარ და არც შეიძლება ვიყო ინფორმირებული ასე დეტალურად, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს, უფლებამოსილება შეუჩერდეს. ამის შესახებ პროკურატურაში განაცხადეს. სააგენტო დაინტერესდა, რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება.
უწყების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.











