პოლიტიკა

ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში: კახა კალაძის ძმის მკვლელობის გამოძიება მხოლოდ 2003 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი

ზაზა ბიბილაშვილი - 2003 წლამდე ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, არავის უკვირდა - სამწუხაროდ, მათ შორის, რომლებიც „ვარდების რევოლუციამდე“, ამ ჯოჯოხეთური რეალობის მსხვერპლად იქცნენ, იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შესაგებელ სიტყვაში განაცხადა, რომ 2003 წლამდე გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცება ბიზნესის ფორმა იყო და ეს არავის უკვირდა. მისი თქმით, ასეთი გატაცების მსხვერპლი იყო მოსარჩელე მხარის მაღალჩინოსნის, კახა კალაძის უმცროსი ძმა ლევანიც, რომელიც კრიმინალებმა გაიტაცეს და მოკლეს.

ბიბილაშვილის განმარტებით, ამ საქმის გამოძიება შესაძლებელი გახდა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა და ამის პოლიტიკური ნება გაჩნდა. მისივე თქმით, გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს თავისი ავტორები ჰყავდა და სახელმწიფო უწყებებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ხელს აფარებდნენ. ბიბილაშვილმა თქვა, რომ საქმე ძალიან მალე გაიხსნა და კალაძემ მაშინდელ ხელისუფლებას და კონკრეტულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

„2003 წლამდე საქართველოში რიგითი კანონმორჩილი ადამიანისთვის ცხოვრება იყო ჯოჯოხეთი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიმინალური სახელმწიფო იყო საქართველო“, - განაცხადა მან. ბიბილაშვილის თქმით, ადამიანების გატაცების ბიზნესში ერთად იყვნენ ჩართულნი კრიმინალური სამყაროს ბოსები და ე.წ. სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები, ხოლო გატაცებულთა რიცხვი ათეულობით და შესაძლოა ასეულობით იყო, მათ შორის უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები.

მისი შეფასებით, „ეს კრიმინალური ჯოჯოხეთი არ იყო ობიექტური მოცემულობა“, არამედ პოლიტიკური ნების საკითხი იყო: 2003 წლამდე ნება არ არსებობდა ან სახელმწიფო და კრიმინალური სამყარო სრულად იყო შეზრდილი, 2003 წელს კი წესრიგის დამყარების ნება გაჩნდა.

ბიბილაშვილმა 2003 წლამდე შეკვეთილ მკვლელობებზეც ისაუბრა და მაგალითად გია ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, კახი ასათიანი და გიორგი სანაია დაასახელა. მისი თქმით, ამ მკვლელობათა პრაქტიკულად ყველა საქმე გაუხსნელია ან ისე არის გახსნილი, რომ საზოგადოების ნდობას ვერ იმსახურებს.

მისივე განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პრაქტიკა შეწყდა და მსგავსი შეკვეთილი მკვლელობა არ მომხდარა, თუმცა 2012 წლიდან ის აღდგა. მან ლევან კაჭარავას მკვლელობა მოიხსენია, რომელიც, მისი თქმით, გამოუძიებელია და კალაძის ძმის საქმის მსგავსად ოდესმე გამოიძიება, როცა ამის პოლიტიკური ნება იქნება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ