ეკონომიკა

ევროპის ქვეყნები საწვავის გასაიაფებლად გადასახადებს ამცირებენ, საქართველოში შეღავათი არ იგეგმება

ევროპის ქვეყნები საწვავის გასაიაფებლად გადასახადებს ამცირებენ, საქართველოში შეღავათი არ იგეგმება

საწვავის ფასების ზრდის შესაჩერებლად ევროპის ქვეყნებმა საგადასახადო შეღავათები შემოიღეს. საქართველოში კი ხელისუფლება მსგავს ნაბიჯს ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ეფექტი არაარსებითი იქნება.

გერმანიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, საგადასახადო შეღავათების წყალობით სექტემბერში ერთი ლიტრი ბენზინი 17 ცენტით გაიაფდა. ცვლილებამ 2027 წლამდე მოქალაქეებს 2.5 მილიარდი ევრო უნდა დაუზოგოს.

ესპანეთში ოქტომბერში საგადასახადო შეღავათებით ლიტრი საწვავი 20 ცენტით შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში ფასდაკლების მოცულობა ინფლაციის წლიურ განაკვეთზე იქნება დამოკიდებული.

პოლონეთმა საწვავზე დღგ 23%-დან 8%-მდე შეამცირა. თავდაპირველი გეგმით, შეღავათები 2026 წლის 31 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გლობალურად ნავთობის ფასი შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზარდა, ამიტომ შეღავათი გაგრძელდა და ოქტომბრის მდგომარეობით ისევ მოქმედებს.

შვედეთმა ბენზინსა და დიზელზე ნახშირორჟანგის გადასახადი ლიტრზე 2.4 კრონით, დაახლოებით 24 ცენტით შეამცირა. ბალტიის ქვეყნებში საგადასახადო შეღავათებით ლიტრი საწვავი 6-8 ცენტით გაიაფდა.

აშშ-ში ოქტომბერში, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილ დიზელზე მოქმედი საგადასახადო შეღავათები მსუბუქი ავტომობილების მფლობელებზეც გავრცელდა.

საწვავის გაძვირება მსოფლიოში მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია. ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 110 დოლარზე მაღალია, თუმცა რეკორდულ ნიშნულს არ აღწევს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ღირებულება, რამაც საცალო ფასები კიდევ უფრო გაზარდა.

საქართველოში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. რეგულარის ტიპის ბენზინი 4 ლარს აჭარბებს, პრემიუმი 4.30 ლარია, სუპერი 4.60 ლარი, დიზელის ფასმა კი 5 ლარიანი ნიშნულიც გადალახა.

აქციზის განახევრება ერთ ლიტრ საწვავს 20-22 თეთრით გააიაფებდა, დროებით გაუქმება კი 40-45 თეთრით. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი შეღავათის შემოღება არ განიხილება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ