მთავრობა პარლამენტს სთხოვს, მინისტრის მოადგილეს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია დაეკისროს

მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართა. მისი მიხედვით, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია შეიძლება დაეკისროს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ ან მოადგილემ შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
ცვლილებები შედის კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.
მთავრობის განმარტებით, ამ ფუნქციების დამატება დამატებით ანაზღაურებას არ ითვალისწინებს და ისინი ანაზღაურების გარეშე შესრულდება.
გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.











