სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის უფლება მიეცემათ, წლიური მოსაკრებელი 100 000 ლარი იქნება

სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. ამისთვის სანებართვო საქმიანობის სახეებს ახალი სახეობა, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა, დაემატება.
შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს. მისი ავტორები და ინიციატორები არიან შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი. პაკეტი საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების წესებსა და პირობებს განსაზღვრავს.
საერთაშორისო აზარტულ ტურნირად ჩაითვლება სამორინეს მიერ მოწყობილი ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ გარანტირებულია და მონაწილეთა სულ მცირე 70 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურნირის მოწყობა დასაშვები იქნება როგორც სამორინეს ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება და კლუბის მაგიდა მხოლოდ ამ ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენება, ორგანიზატორი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. ამ შემთხვევაში ის უფლებამოსილი იქნება, შემოსავალი ტურნირის ჩატარებით მიიღოს.
ტურნირის მოსაწყობად ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარი იქნება. სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარს შეადგენს, არაუფლებამოსილი პირის მიერ ტურნირის ორგანიზებისთვის კი 150 000 ლარით დაისჯება.











