ეკონომიკა

პაპოიანი: ევრაზიული კავშირი სომხეთის გასვლის შედეგებს აზვიადებს

პაპოიანი: ევრაზიული კავშირი სომხეთის გასვლის შედეგებს აზვიადებს

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს ბოლო ანგარიში აზვიადებს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც სომხეთისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (EAEU) გასვლას შეიძლება მოჰყვეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ დოკუმენტის სრულად გაცნობა ჯერ ვერ მოასწრეს.

20 ოქტომბერს ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს ოთხმა წევრმა, რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა, დაახლოებით 70-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ის სომხეთის ევროკავშირში გაწევრებისა და EAEU-დან გასვლის შედეგებს ეხება. ანგარიშის თანახმად, კავშირის დატოვების შემთხვევაში სომხეთი დიდ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, სხვა წევრებზე კი გავლენა თითქმის უმნიშვნელო იქნება.

პაპოიანმა News.am-თან განაცხადა, რომ ანგარიშში მოყვანილი მაჩვენებლები 50%-ით არის გაზვიადებული და სომხურმა მხარემ ზუსტი მონაცემები მანამდეც წარადგინა. მისი თქმით, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მნიშვნელოვანი არ იქნება და მისი მასშტაბი -0,61%-ია. გაზის ფასის ცვლილების შემთხვევაში გავლენა 5–7% ან მეტი იქნება, თუმცა ეს დამანგრეველი არ იქნება. ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები შესაძლოა ენერგეტიკის სფეროში გამოვლინდეს, გაზის მიწოდების პირობების ცვლილებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათების დაკარგვის გამო.

22 ოქტომბერს პრესბრიფინგზე ფაშინიანმა თქვა, რომ EAEU-ის წევრ სახელმწიფოებს სხვა წევრის გარიცხვა არ შეუძლიათ. „საინტერესოა, რატომ არ გვრიცხავენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან [ОДКБ/კუხო], რაც შეეხება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, ჩვენს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მეტროპოლია თავისკენ კი არ გვიზიდავს, არამედ ირიბად გვეუბნება: „ჩვენგან გაგრიცხავთ “, – განაცხადა ფაშინიანმა. ეკონომიკური ზარალის პროგნოზზე მან მოკლედ უპასუხა: „ვნახავთ“.

მირზოიანმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ ანგარიში საკმაოდ ვრცელია და სომხური მხარე მის გაცნობას მხოლოდ ახლა იწყებს, რათა პასუხი ჩამოაყალიბოს. „ჩვენთვის ცნობილი არ არის რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საფუძველზეც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას შეეძლება რომელიმე სხვა ქვეყნის გარიცხვა ან მისი წევრობის შეჩერება. თუმცა, საკითხს შევისწავლით და პასუხს გავცემთ. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, რუსეთის ფედერაციასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან ტრადიციული სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სომხეთის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობაა“, – განაცხადა მან.

ანგარიშში აღიარებულია, რომ EAEU-ის ხელშეკრულება წევრებს ერთმანეთის წევრობის შეჩერების მექანიზმს არ აძლევს, თუმცა ორი შესაძლო სამართლებრივი გზაა მითითებული. პირველია ხელშეკრულების მე-3 მუხლი, რომელიც წევრებს ავალდებულებს, არ მიიღონ ისეთი ზომები, რომლებმაც შეიძლება კავშირის მიზნებს საფრთხე შეუქმნას. მეორეა 1969 წლის ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლის შესახებ, რომლის თანახმადაც, სხვა მხარეებს შეუძლიათ ერთობლივად შეაჩერონ ხელშეკრულების მოქმედება იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელმაც იგი არსებითად დაარღვია. ეს შეჩერება შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ სომხეთი რეფერენდუმს არ ჩაატარებს და არ გადაწყვეტს, რომელს ირჩევს, ევრაზიულ კავშირს თუ ევროკავშირს. ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიზაილ გალუზინმა თქვა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთადერთი გამოსავალი ნებაყოფლობითი გასვლაა, რომელიც სომხეთს ჯერ არ დაუწყია.

პაპოიანის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ, ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც EAEU-დან შესაძლო გასვლის შედეგებს შეაფასებს. სომხეთმა მიმართა ევრაზიულ ეკონომიკურ კომისიას, რომლის სხდომაც 3 ნოემბერს გაიმართება.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სომხეთის ვაჭრობამ EAEU-ის ქვეყნებთან თითქმის 8 მილიარდი დოლარი შეადგინა: ექსპორტი 3,2 მილიარდი, იმპორტი კი 4,8 მილიარდი დოლარი იყო. ეს სომხეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 37,8%-ია. სომხეთთან ვაჭრობის წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0,91% იყო, ბელარუსისაში 0,28%, ყაზახეთისაში 0,05%, ყირგიზეთისაში კი 0,02%. ვაჭრობისა და მომსახურების შემცირების 97-99% რუსეთზე მოვიდოდა, დაკარგული მოცულობების გადანაწილება კი EAEU-ის შიდა ბაზარზე იქნებოდა შესაძლებელი. ოთხივე სახელმწიფოსთვის ექსპორტისა და იმპორტის პირდაპირი შემცირება 1%-ზე ნაკლებია, ყველაზე დიდი კლება რუსეთს ექნება: ექსპორტში 0,55%, იმპორტში 0,65%.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2025 წელს, როცა სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღო, მთავრობამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ ეს EAEU-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგებოდა. ანგარიშის მტკიცებით, ზეწოლის მიუხედავად, სომხეთი რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს. პაპოიანმა ხაზგასმით თქვა, რომ სომხეთს თავისი პოზიცია უკვე მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული. ივლისში, რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრების ოფიციალურ განაცხადს წარადგენს.

„ის ფაქტი, რომ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღო, არ ნიშნავს, რომ სომხეთს ამჟამად ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა აქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა აგვისტოში. ანგარიში ასკვნის, რომ სომხეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებისას EAEU-ის წევრობით მიღებული სარგებლის შენარჩუნებას ცდილობს, რაც კავშირში მისი სტატუსის შესახებ კითხვებს აჩენს. დოკუმენტის თანახმად, ორივე კავშირის წევრობა ერთდროულად სამართლებრივადაც და პრაქტიკულადაც შეუძლებელია, რადგან მათ საკუთარი ზესახელმწიფოებრივი წესები აქვთ. ანგარიშში ჩამოთვლილია ორივე კავშირის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან, რომელთაგან ბევრი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ასევე აღნიშნულია პროდუქციის მოთხოვნებს შორის განსხვავება: EAEU-ში უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს ანტიბიოტიკების, რაქტოპამინის, ნიტრატების, გარკვეული პესტიციდებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO) მიმართ.

სექტემბერში ევროკავშირის საბჭომ სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები მიიღო, რომლებიც ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს მოიცავს. ეს ზომები ამოქმედდა იმ ფონზე, როცა რუსეთი სომხური ექსპორტის მიმართ შეზღუდვებს კვლავ აწესებს. ოთხი სახელმწიფო აცხადებს, რომ სომხეთის EAEU-დან გასვლა მათ „არ აინტერესებთ“, წევრობის შეჩერების შესაძლებლობას კი სომეხი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების პატივისცემად წარმოაჩენენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ