ჩერგოლეიშვილი: ალტერნატივის აკრძალვით ივანიშვილი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს

„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. მან ეს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, „ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, ვისაც არ აქვს პასუხი კორუფციაზე, ვისაც არ აქვს პასუხი ემიგრაციასა და დაცლილ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს პასუხი სიღარიბეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე“.
მისი განმარტებით, გარეგნულად შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ივანიშვილის გადაწყვეტილების გამო ყველა სასოწარკვეთილი უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში საქმე პირიქითაა. ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილი აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს და ეშინია მისი თავისუფალი არჩევანის.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ივანიშვილის ეს სისუსტე აქციის მონაწილეთა ნებისყოფის დამსახურებაა, იმის, რაც ორი წლის წინ დაიწყო და დღესაც არ დასრულებულა. მისი თქმით, ივანიშვილმა იცის, რომ ეს არ დასრულდება რომელიმე თარიღამდე, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებამდე.
ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი და მტკიცე წინააღმდეგობით ივანიშვილს დათმობებზე წასვლა მოუწევს და ქართველ ხალხს მიტაცებულ თავისუფლებას დაუბრუნებს. მისი თქმით, შემდეგ ხალხი თავისუფალი არჩევნებით აირჩევს თავის წარმომადგენლებს.
ერთთვიან კამპანიაზე, რომელიც 28 ნოემბრამდე გაგრძელდება და მერეც გაგრძელდება, მან თქვა, რომ ის იმას ემსახურება, რომ პოლიტიკას მნიშვნელობა დაუბრუნდეს და ის საერთო საქმედ, ანუ რესპუბლიკად იქცეს.











