ზახაროვი: ქართული სასმელების იმპორტზე შეზღუდვებს პოლიტიკური საფუძველი არ აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოდან ზოგიერთი სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია და მათ პოლიტიკური საფუძველი არ აქვს. ის რუსეთში რიგი ქართული სასმელების შეტანის აკრძალვის შესახებ შეკითხვას პასუხობდა.
ზახაროვას თქმით, ეს საკითხი რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსპოტრებნადზორი“) კომპეტენციაა.
„დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურიდან რაღაც პოლიტიკური ფაქტორების შექმნას და სპეკულირებას. აქ არაფრის ძებნა საჭირო არ არის. არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც გადაეცათ მათ, ვისაც ეს პროდუქცია შემოჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში შემოტანას ათობით ქართული კომპანია ახორციელებს. დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა. ყველა დანარჩენი უპრობლემოდ მუშაობას განაგრძობს ჩვენს ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ზახაროვამ.
„როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ 9 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით დროებითი სანიტარული ღონისძიება დაწესდა. აკრძალვა შეეხო კომპანიებს: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ძმები ასკანელები“, „ვაინმენი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.











