სიჭინავა: ვერცერთმა პარტიამ ვერ გაიგო, რა ბრალდებაა მის წინააღმდეგ

„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გაიგო, რა ბრალდებაა მის წინააღმდეგ, რადგან სარჩელში ყველაფერი ერთადაა ჩაყრილი. ამით მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას გამოეხმაურა, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება.
სიჭინავას თქმით, თუ სასამართლოსთვის გასაგებია სარჩელი, ბრალდებულისთვის, ანუ პოლიტიკური პარტიისთვისაც უნდა იყოს გასაგები, რას ედავებიან, რათა დაცვითი სტრატეგია ამაზე ააგონ. მისი შეფასებით, სარჩელის ტექსტი არ შეიცავს მკაფიო არგუმენტაციას კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით. სიჭინავამ თქვა, რომ 5 წლის განმავლობაში პოლიტიკურად ნათქვამი ყველაფერი ერთადაა ჩაყრილი და ვერ მოძებნი, რომელ ნაწილში შენზე რა წერია. მისი თქმით, „ჩორჩანაც გაკვრითაა ნახსენები“.
სიჭინავამ უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები არარელევანტურად შეაფასა და თქვა, რომ ისინი სარჩელში მოყვანილიც არ არის. განმარტა, რომ უკრაინაში აკრძალულია პარტიები, რომლებიც რუსულ აგრესიას ამართლებდნენ, მოითხოვდნენ უკრაინის დანებებას და ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას. მოლდოვაშიც, მისი თქმით, ისეთი პარტიები აკრძალეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და რუსულ აგრესიას ამართლებენ. სიჭინავას თქმით, ასეთ უკიდურეს ღონისძიებას ევროპული სასამართლოც და გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოც უკიდურეს ჩარევად მიიჩნევს, როცა არსებობს ფაქტობრივი რისკი, რომ ფაშისტური ძალა მოვა ხელისუფლებაში.
მისი განცხადებით, ამგვარი სარჩელი ვერანაირ ტესტს ვერ გაივლის. სიჭინავამ თქვა, რომ პოლიტიკური განცხადებები, გაგზავნილი წერილები ან არჩევნების სამართლიანად თუ უსამართლოდ მიჩნევა პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება. მისი აზრით, სარჩელი უფრო კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობაა. როგორც თქვა: „ეს არ არის მხოლოდ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება და ის, რომ ამ ადამიანებს არ მიაღებინონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის განსხვავებული აზრის განადგურება და დიქტატურისკენ მიმავალი ნაბიჯი“. სიჭინავამ დასძინა, რომ ამის შედეგად საქართველოში ისეთი პრეცედენტი იქმნება, რომელიც 1996 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში არ ყოფილა.
სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცედურული ნორმებისა და რეგლამენტის დარღვევაც დაასახელა, რაც, მისი აზრით, პროცესის მიკერძოებულობაზე მიუთითებს. მისი თქმით, პარტიის აკრძალვის პრეცედენტიც არ არსებობს და ასეთ საქმეს ფორსირებულ რეჟიმში განიხილავენ მოსამართლეები, რომლებსაც კომპეტენციური დეფიციტი აქვთ. სიჭინავას განმარტებით, სასამართლო არ სარგებლობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობით, ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევაზე უარს ამბობს და მხარეთა მრავალ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.
მან აღნიშნა, რომ რეგლამენტით, როცა სარჩელს არსებითად განსახილველად იღებენ, მხარეს შესაგებლის წარსადგენად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად 13 ოქტომბერს მიიღო, სხდომა კი 21 ოქტომბრისთვის დანიშნა. სიჭინავას თქმით, მან სხდომის გადადების შუამდგომლობა 10 წუთის განმავლობაში წარადგინა, მოსამართლეები კი ერთი საათი თათბირობდნენ. შემდეგ, მისი თქმით, განაცხადეს, რომ შესაგებლის წარდგენა ნებისმიერ დროს შეეძლოთ. სიჭინავამ დასძინა, რომ ვასილ როინიშვილი ამბობს, შესაგებელი აქამდე უნდა წარედგინათ და ახლა გაჭიანურებას ისახავენ მიზნად.











