ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა და სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა. მისი თქმით, 19 ოქტომბერს დაწყებული სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებული საქმეა და ამ „აბსურდული საქმის“ დეტალებს საზოგადოება პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს.
ღარიბაშვილის განმარტებით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ეხება, ამიტომ საზოგადოებას მოკლედ გაუზიარა, რა გაკეთდა თავდაცვის განმტკიცებისთვის მისი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში. მან ჩამოთვალა თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლება, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება, ნატოს სტანდარტებთან დაახლოება და მათი შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლა, ასევე სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება.
ყოფილი პრემიერის თქმით, მისი დევიზი იყო „ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“. მისივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად წარადგინეს განვითარების 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მოგვიანებით მთელი მთავრობისთვის, ყველა სამინისტროსთვის გახდა სავალდებულო.
ღარიბაშვილი წერს, რომ ყველა სამხედრო ბაზა ნატოს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და რეაბილიტირდა. 2023 წლის ბოლოსთვის აშენდა და რეაბილიტირდა 270 ობიექტი, მათ შორის ყაზარმები, სასადილოები, სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები, ჯამში კი 500-ზე მეტი ობიექტი გარემონტდა. მისივე თქმით, აშენდა „ჯარის ქალაქი“ და 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მინიმალურ ფასად გადაეცა ბინა. ამ პროექტის გაგრძელების ვალდებულება და გარანტიები თავდაცვის კოდექსში გაიწერა.
მან ასევე დაასახელა პირადი ეკიპირების, ფორმებისა და ფეხსაცმლის განახლება, სოციალური საკითხების მოგვარება, 50%-ით გაზრდილი ხელფასები, სრულად განახლებული ავტოპარკი, სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, განახლებული შეიარაღება და რეზერვების შევსება. ღარიბაშვილის თქმით, შეიარაღების შესყიდვაზე ათეულობით ხელშეკრულება გაფორმდა, აღდგა და შეძენილ იქნა საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულად აღდგა სამხედრო ავიაცია, გაძლიერდა არტილერია, ლოჯისტიკა და თავდაცვის ყველა შესაძლებლობა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მისი თქმით, მხოლოდ მისი თავდაცვის მინისტრობისას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიამ ამ უბნებზე ხმების 85–90% მიიღო.
წერილში ღარიბაშვილი ახალ თავდაცვის კოდექსსაც მიმოიხილავს. მისი თქმით, კოდექსმა ე.წ. „გირჩის პროექტი“ შეზღუდა და გააუქმა, რომელმაც, მისი შეფასებით, 10 000-ზე მეტ ახალგაზრდას საშუალება მისცა, სამხედრო სამსახური აერიდებინა. კოდექსმა ასევე დაარეგულირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, რომლის თანახმადაც გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში ხორციელდება. შემუშავდა კონკრეტული მოდულები და ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ ახალგაზრდას თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ექნება. ამ პროცესის წინასწარი მოსამზადებელი ეტაპია სამხედრო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის.
ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საკითხიც გაიხსენა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრობისას ამ მიმართულებით მუშაობა განახლდა, ხოლო პირველი პრემიერობისას ორიგინალი რუკების მოპოვებას ცდილობდნენ, რაც მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად იყო აუცილებელი. მისი განცხადებით, 2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა, თუმცა დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა და სიტუაცია გაუარესდა.
ღარიბაშვილის თქმით, მისი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც სრული სურათი აღადგინა და წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები შეისწავლა. გაირკვა, რომ სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკებით საზღვრის გამრუდებას მცდელი პირები კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ. მისი თქმით, კარტოგრაფიის დეპარტამენტის მომზადებული ხედვა ბიძინა ივანიშვილს წარუდგინა, რომლის ძალისხმევითაც დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა შესაძლებელი გახდა. ასევე დაიწყო გამოძიება.
ღარიბაშვილი წერს, რომ ამის შედეგად სახელმწიფოს პოზიციები გაძლიერდა, ინფორმირებული იყო საპატრიარქო, ხოლო პროცესში დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი იყო ჩართული. მისი თქმით, მისი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისია და შემადგენლობაში ახალი წევრები შევიდნენ. სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა, ასევე შერჩეული იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები. ღარიბაშვილმა აზერბაიჯანს მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და დავით გარეჯის საკითხი სამართლიანად გადაწყდება.
წერილის ბოლოს ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთელი გულით ემსახურა ჯარსა და სამშობლოს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება „შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“.











