კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები უკრაინას თითქმის ორი წელია კაპიტულაციისკენ უბიძგებენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები თითქმის ორი წელია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ. ეს მან სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა.
კალასის თქმით, უკრაინა პუტინის პირობებს იმიტომ არ დანებებია, რომ მას ევროპა უჭერს მხარს. „იმისდა მიუხედავად, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია, წელიწად-ნახევარი, ცდილობენ უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგონ, რატომ არ დანებებულა უკრაინა პუტინის პირობებზე? ვინაიდან ევროპა მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა კალასმა.
მან აღნიშნა, რომ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და სხვა არჩევანი არ აქვს. კალასმა ისიც გაიხსენა, რომ 2026 წლის თებერვალში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის მონაწილეობის „ნამდვილად მაქსიმალისტური გეგმა“ წარუდგინა.
„თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და პირობებს აყენებს, ჩვენ ასევე მაგიდაზე უნდა დავდოთ ჩვენი მაქსიმალისტური მოთხოვნები, რათა, ასე ვთქვათ, დავაბალანსოთ ეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, რუსეთი კონკრეტულად სანქციების მოხსნით არის დაინტერესებული. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები ევროპის კომპეტენციაშია, ამიტომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს წარმოდგენილი.
„მაგრამ ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენც გვაქვს რუსეთისადმი მოთხოვნები. ჩვენ ასეთ რაღაცებს უფასოდ არ ვიძლევით, ვინაიდან საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ მშვიდობა დადგეს, არამედ იმაზეც, რომ ეს მშვიდობა მყარი და სამართლიანი იყოს“, - განაცხადა კალასმა.











