პოლიტიკა

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 21 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 21 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქცია 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას 21 ოქტომბერს, 11:00 საათიდან დაიწყებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები და მოქალაქეები სასამართლოს შენობასთან დილიდან შეიკრიბებიან. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე უნდა იმსჯელონ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „სამარცხვინო და დანაშაულებრივი“ პროცესი გაიმართება.

„21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და დანაშაულებრივი სასამართლო პროცესი. იცით, რომ რუსული ხელისუფლება პარტიების აკრძალვას გეგმავს. ჩვენ შევიკრიბებით და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ; იურისტები პირადად დაესწრებიან პროცესს, ჩვენ კი შენობასთან გავაპროტესტებთ ამ დანაშაულს. ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც განვითარებაზე, დემოკრატიულსა და დასავლურ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია, მსგავსი პროცესები არც აწმყოში მიმდინარეობს და არც სამომავლოდ იგეგმება“, - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ