„სტრატეგია აღმაშენებელი“: ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონებაა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. გაერთიანება მიიჩნევს, რომ ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის გაუქმებით „რეჟიმი“ ცდილობს ხალხის ხმის საბოლოოდ ჩახშობას, რათა პასუხი არ აგოს იმ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ კატასტროფაზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ.
„დღეს ქართველი ხალხი გაუსაძლის პირობებში იმყოფება - კატასტროფულად გაზრდილი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებსა თუ მედიკამენტებზე, მძვინვარებს უმუშევრობა, არასაკმარისი შემოსავლები და ყოველდღიური გაუარესებული ყოფა ოჯახებს უპერსპექტივობისა და უიმედობის ჭაობში ძირავს. რეჟიმის კორუმპირებული მმართველობის პირობებში, მოქალაქეებს აღარ რჩებათ საკუთარ სამშობლოში ღირსეული არსებობის საშუალება, რასაც შედეგად მოჰყვა ოჯახების დაქუცმაცება და იმ მასობრივი ემიგრაციის ტალღა, რომლითაც ქვეყანა ყოველდღიურად იცლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თქმით, ხელისუფლებას ამ გამოწვევებზე პასუხები არ აქვს და სურს, რომ 2028 წელს ხალხს არჩევანი აღარ ჰქონდეს და ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც ახლაა. გაერთიანება აფრთხილებს, რომ ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას ხალხი ვეღარ ირჩევს, ევროპას აშორებენ და მეგობრების გარეშე ტოვებენ, სუსტდება და რუსეთის გავლენისთვის უფრო მოწყვლადი ხდება.
მათივე პოზიციით, არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით, ფეხქვეშ გათელოს მრავალპარტიული დემოკრატიის მისწრაფება, შეზღუდოს მოქალაქის არჩევანის თავისუფლება ან პოლიტიკური გემოვნების მრავალფეროვნება აკრძალოს. გაერთიანება მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ შეფასებით, პარტიების აკრძალვის შეჩერება და დემოკრატიის გადარჩენა უმთავრესი ამოცანაა, რაც ეხება არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს. გაერთიანება ყველას მოუწოდებს, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, ერთად დადგნენ და დაიცვან ქვეყნის დემოკრატიული და ღირსეული მომავალი.











