პოლიტიკა

ფარულავა: ყიფიანისა და ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, ციხეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს

ფარულავა: ყიფიანისა და ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, ციხეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ გლდანის ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს ვატო ყიფიანი და მისი ბრიგადა ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაკავება დადგმული იყო და ბრალდებულები სინამდვილეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში.

ფარულავამ თქვა, რომ ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილებს კრიპტოსაფულის კოდებს სთხოვენ. მისი განცხადებით, რამდენჯერმე თქვა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა „ქოლცენტრებს“ და იქიდან ამოღებულ ფულს უკავშირდებოდეს და „ნამდვილად ასეა“. ფარულავა კითხვას სვამს: „თუ ვის სჭირდება ეს კოდები და ფული?“ და ამატებს: „შემთხვევით ივანიშვილს ხომ არა“?

ფარულავა გლდანის საპატიმროში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრების გასაჯაროებასაც ითხოვს: „გასაჯაროვდეს ციხის კამერების ჩანაწერები და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახალხო დამცველიც ივანიშვილის კუდია და არა ხალხის უფლებების დამცველი, ეგეც ამათთან ერთად უნდა მოვიშოროთ“.

მისივე თქმით, ის და მისი მეგობრები ბათუმში პარტიების აკრძალვის საქმეზე მიდიან.

ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს, რომელიც კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. შედეგად ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს. ადვოკატის თქმით, დაპირისპირების შემდეგ „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე გლდანის ციხეშია, ოღონდ სხვა საკანში.

ფეიქრიშვილების ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა: „დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო - ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა“.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილები თბილისში 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობასა და გამოძალვას უკავშირდება. ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი 2026 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს და მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ