ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში 364 უწყებაა ჩართული, 1500-მდე სტაჟიორი შეარჩიეს

სტაჟირების პროგრამაში 364 უწყებაა ჩართული. 3 500 ვაკანსიაზე 55 000 აპლიკაცია შევიდა, რომელთაგან 5 600 უნიკალური იყო, 1500-მდე სტაჟიორი კი შეირჩა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟორჟოლიანმა „იმედის დილის“ ეთერში განმარტა, რომ პროგრამაში თვითმმართველობებიც არიან ჩართულნი.
„ძალიან დიდი პროგრამაა - 364 უწყება არის მასში ჩართული, ასევე თვითმმართველობები. ჩვენ ვთხოვეთ თვითმმართველობებს, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები, ვინაიდან რეგიონებშიც, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო მეტი შესაძლებლობა, რომ გაევლოთ სტაჟირება. თბილისში, იცით, რომ ძალიან ბევრი უწყება არის თავმოყრილი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ნაწილში, ასევე სსიპ-ები, სახელმწიფო კომპანიები, ძალიან ბევრი და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სადღაც 3 500 ვაკანსია. გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური. ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, შარშან პროგრამის მონაწილეთა დაახლოებით 50%-მა საქმიანობა საჯარო დაწესებულებებში გააგრძელა. ნაწილს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდა, 160 ადამიანს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა, 40-მა კი კონკურსი გაიარა და საჯარო მოხელე გახდა.









