მსოფლიო

პარაგვაის ახალი პრეზიდენტი პედრო ალიანა გახდა, იმპიჩმენტგამოცხადებულ პენიას შინაპატიმრობა მიესაჯა

Reuters - პედრო ალიანა პარაგვაის ახალი პრეზიდენტი გახდა - ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

პარაგვაის ვიცე-პრეზიდენტმა პედრო ალიანამ საპრეზიდენტო ფიცი დადო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის სენატმა ყოფილ პრეზიდენტ სანტიაგო პენიას იმპიჩმენტი გამოუცხადა.

იმპიჩმენტის შემდეგ პენია შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პროკურორების განცხადებით, ბრალდების დაზუსტება გრძელდება, თუმცა შესაძლოა იგი სარგებლის მიღების მიზნით გავლენის გამოყენებას მოიცავდეს. თავად პენია ბრალდებებს უარყოფს.

პარაგვაიში პოლიტიკური კრიზისი მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ციფრულმა ბანკმა Ueno Bank-მა ფინანსური კოლაფსი განიცადა. ბანკს დაახლოებით 3 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც თავიანთ საბანკო ანგარიშებზე წვდომის გარეშე დარჩნენ.

Ueno Bank 2021 წელს დაფუძნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბანკის სესხების გაცემის პოლიტიკასა და პარაგვაის პოლიტიკურ ელიტასთან კავშირების შესახებ უამრავი კითხვა არსებობდა, მათ შორის პენიასთან დაკავშირებითაც, რომელიც გასულ წლამდე ბანკის მფლობელი კომპანიის აქციონერი იყო.

კრიზისს ასუნსიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა, დემონსტრანტებმა თანხების დაბრუნება მოითხოვეს. პენიამ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შესახებ ხუთშაბათს გამოაცხადა, თუმცა სენატმა გადადგომის განაცხადის მიღების ნაცვლად იმპიჩმენტის გამოცხადებას დაუჭირა მხარი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ