მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ელის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების - იმედი მაქვს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა გაძლიერდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა გაძლიერდება. ეს მან გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, „დემოკრატები“ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყვნენ. მისივე შეფასებით, ამერიკასა და ევროპას შორის კავშირები ბოლო ორი წლის განმავლობაში გარკვეულწილად დაიკარგა, ეს ალიანსი კი უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე პუტინის გაჩერება ძალიან რთულია.

„რას ნიშნავს აშშ-ის არჩევნების შედეგები ჩვენთვის? - როგორც ადამიანებს, ჩვენ ყოველთვის გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ცვლილებები უფრო დადებითი იქნება. რატომ? რადგან ნებისმიერი არჩევნების, განსაკუთრებით კი აშშ-ის არჩევნების დროს, სიგნალები გესმის. და სიგნალები "დემოკრატიული პარტიისგან" ისეთები იყო, რომ თუ ისინი მოიგებენ, მაშინ, შიდა საკითხებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროპაში ომზე ფოკუსირება. ესაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ორპარტიული მხარდაჭერისთვის როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, არჩევნების დროს დემოკრატები უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარების მიწოდებაზე ძალიან მკაფიოდ საუბრობენ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ იმედი აქვს, ახლა ხელისუფლებაში ისეთი ბალანსი იქნება, რომ უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას აღმოუჩენენ.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ