საფრანგეთში საპროტესტო აქციებში დაახლოებით 575 000 ადამიანი მონაწილეობდა

საფრანგეთში ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 575 000 ადამიანი მონაწილეობდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, სექტემბერში დაწყებული არეულობების ტალღის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დღე იყო. აქციები ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ გაფიცვას დაემთხვა.
აქციებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ლოკალური შეტაკებები მოხდა.
ზოგიერთმა დასაქმებულმა გაფიცვა გამოაცხადა, რის გამოც სკოლებში, უნივერსიტეტებში, რკინიგზასა და, შედარებით ნაკლებად, საავადმყოფოებში პერსონალის ნაკლებობა შეიქმნა.
პროცესი თავდაპირველად მოსწავლეებმა დაიწყეს სკოლებში უკეთესი პირობების მოთხოვნით. მოგვიანებით ის ისეთ მოძრაობად იქცა, რომელშიც პროფკავშირები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მონაწილეებიც ჩაერთნენ.
თითოეულ ჯგუფს საკუთარი მოთხოვნები აქვს, თუმცა მათ საერთო უკმაყოფილება აერთიანებთ: ცხოვრების ხარჯების გაძვირება, ხელისუფლების უმოქმედობა, მზარდი ქონებრივი უთანასწორობა და სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობა.











