მსოფლიო

არახამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია გენპროკურატურას დაევალა

არახამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია გენპროკურატურას დაევალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ანტიკორუფციული ცენტრის საჩივარი დააკმაყოფილა და გენერალურ პროკურატურას „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია დაავალა. საქმე დეპუტატებისთვის „კონვერტებით“ თანხის დარიგების სავარაუდო ფაქტს ეხება. ინფორმაციას RBC-Ukraine ანტიკორუფციულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა ცენტრმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 19 ოქტომბერს შეიტანა. მასში საუბარია იმაზე, რომ არახამია დეპუტატებს კენჭისყრებში საჭირო გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ კონვერტებით სავარაუდოდ თანხას ურიგებდა.

2025 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) განაცხადეს, რომ გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც გამოძიების ვერსიით, უმაღლესი რადის მოქმედი დეპუტატები შედიოდნენ. გამოძიების თანახმად, ისინი ქრთამს იღებდნენ რადაში მათთვის საჭირო გადაწყვეტილებების სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ.

SAPO-ს პროკურორებმა ხუთ დეპუტატს ბრალი წარუდგინეს. სავარაუდო ქრთამის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა. ამავე საქმის ფარგლებში, 2025 წლის ბოლოს, ჩხრეკა ჩატარდა არახამიას თანაშემწის საცხოვრებელ სახლშიც.

სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო პერიოდები, როდესაც პარლამენტის წევრებისთვის „კონვერტებით“ გადაცემული ქრთამი თვეში 20 000 დოლარს აღწევდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ