კახიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციოში სამართლებრივი კონტრარგუმენტები არ ჰქონდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი კონტრარგუმენტები ვერ წარმოადგინა. მისი შეფასებით, პარტიამ სასამართლოს ტრიბუნა პოპულიზმისთვის გამოიყენა.
კახიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გუშინდელ სხდომაზე პარტიის პოზიციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მხარე საუბრობდა იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და რამდენი სიკეთე მოუტანა ქვეყანას.
„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მოსმენა, რადგან ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, ჩვენ სარჩელთან მიმართებაში, რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდათ. გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა ისევ პოპულიზმისთვის გამოიყენეს და ისაუბრეს იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და ჩვენ ქვეყანას რამდენი სიკეთე მოუტანა“, - განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, ამის გარდა სარჩელის მიმართ რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ გაუგონიათ. კახიანის განმარტებით, ეს კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და მან სცადა, მხარეს დაეზუსტებინა, კონკრეტულად რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდა.
კახიანმა აღნიშნა, რომ დღეს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებიც არიან და მათაც ყურადღებით მოუსმენენ, თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს, პარტიას კონტრარგუმენტები არ აქვს.











