პარლამენტმა პირველი მოსმენით კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის უფლება მისცა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის უფლებას აძლევს.
ტურნირმა ორ ძირითად პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, საპრიზო ფონდი კი 3 მილიონ ლარს უნდა აღემატებოდეს. ტურნირის ჩატარება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული წესებისა და რეგლამენტის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების სამართლებრივ ჩარჩოს და შესაბამის დეფინიციას არ განსაზღვრავს, რაც სათამაშო ბიზნესის სფეროში პრაქტიკაში სამართლებრივ ბუნდოვანებას ქმნის. ბარათში აღნიშნულია, რომ ასეთი ტურნირები საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ-გასართობ აქტივობებს უკავშირდება, იზიდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და დამატებით ტურისტულ ნაკადებს ქმნის.
საერთაშორისო ტურნირის მომწყობს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონით კლუბის მაგიდისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.
კანონპროექტით, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა 50 000 ლარით დაჯარიმდება. არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან მოწყობა 150 000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივას პარტია „ლელო“ გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით, როცა აზარტული თამაშების წლიური ბრუნვა 88 მილიარდ ლარს აღწევს და ამ თამაშებმა უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია, სამორინეებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათების დაწესება ტურიზმის განვითარების საფარქვეშ მიუღებელია.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა: „სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით შესაძლებელია ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონი ლარის მობილიზება, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად იძლევა შესაძლებლობას, რომ 2027 წლიდან ყველა პენსიონერის პენსია დამატებით 200 ლარით გაიზარდოს“.
ინიციატივა გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც. მისი არგუმენტებია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, არასრულწლოვანებზე გავლენა, ფინანსური სირთულეები, ოჯახური კონფლიქტები და თვითმკვლელობის გაზრდილი რისკი.
2022 წლიდან სახელმწიფომ აზარტული თამაშების მიმართ მიდგომა გაამკაცრა: მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა, სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც 41 მილიარდით, 48-დან 89 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.











