ბიბილაშვილი: მანანა კობახიძის გადადგომა საკონსტიტუციოში მისულ ინსტრუქციაზე მიუთითებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მანანა კობახიძე ამ პროცესის წინ გადადგა, პირადად მისთვის ადასტურებს, თუ რა ტიპის ინსტრუქციაა სასამართლოში მისული.
ბიბილაშვილის თქმით, კობახიძის თანამდებობიდან წასვლა იმაზეც მიუთითებს, რომ ასეთი სასამართლოს პირობებში განსხვავებული აზრის დაწერაც შეუძლებელია.
მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში ჩანდა, რომ ზოგიერთ მოსამართლეს ისეთი რამ ესმის „ძალიან კარგად და მწყობრად, რაც საერთოდ არ არის სარჩელში მოყვანილი და ჩამოყალიბებული“. ბიბილაშვილმა თქვა, რომ მათი წარმომადგენლისთვის, ალიკა კუპრავასთვის კი უთქვამთ, გაუგებარია, რას ემსახურება მისი გამოსვლა. ბიბილაშვილის შეფასებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს გამოსვლა მოწმეთა არასანდოობისა და მიკერძოების ხაზგასმას ემსახურებოდა.
„იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო იქნებოდა თავისუფალი, მაშინ მანანა კობახიძეს შეეძლებოდა, რომ მონაწილეობა მიეღო განხილვებში, თუ განსხვავებული აზრი ექნებოდა, დაერწმუნებინა მსჯელობისას და თათბირისას თავისი კოლეგები ან თუ ვერ დაარწმუნებდა, მაშინ დაეწერა განსხვავებული აზრი, მაგრამ სავარაუდოდ ისეთი ინსტრუქციაა მოსული, რომ განსხვავებული აზრის დაწერაც აკრძალული იქნება“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.











