მათიკაშვილი ოპოზიციის აქციაზე: საზოგადოებამ ნახა, რა მხარდაჭერა აქვს რადიკალიზმს და აგენტურას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად ხალხის მდინარეები არაერთხელ დაანონსდა, თუმცა ამჯერადაც „ერთი მუჭა ადამიანი“ შეიკრიბა.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რეალურად რა მხარდაჭერა აქვს დღეს ქვეყანაში რადიკალიზმსა და აგენტურას. მისივე შეფასებით, აქციამ აჩვენა, რომ აბსოლუტურად მცდარია თეზა, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო საქართველოში ადამიანების სოლიდურ რაოდენობას ხმის უფლება ერთმევა.
„მერამდენედ დაანონსდა ხალხის მდინარეები ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი რადიკალური და აგენტურული პარტიების მხარდასაჭერად და ისევ კვლავაც ფიასკო - ერთი მუჭა ადამიანები იმ ე.წ. მასშტაბის პირობებში, რასაც ბატონო გვარამია ბათუმიდან აანონსებდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა ხალხის მხარდაჭერაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რა მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას. მათიკაშვილის თქმით, ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ უნდა არსებობდნენ.
გუშინ „ოპოზიციის ალიანსის“ ორგანიზებით აქცია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ გაიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადავიდნენ, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსმა საზოგადოებას მიმართა. პოლიტიკოსების თქმით, ეს აქცია სხვა პერმანენტული აქციების დასაწყისი იქნება, 28 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.











