პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის განხილვა განახლდება

5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პლენუმი დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობაზე. შუამდგომლობა კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას ეხება. ამის შემდეგ პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.

სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი ეხება ხუთ გაერთიანებას: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ