პოლიტიკა

გორდულაძე: ვიწროპარტიული ინტერესით ვიმოქმედებდით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელს არ შევიტანდით

არჩილ გორდულაძე - ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ვიწროპარტიული ინტერესებით რომ მოქმედებდეს, „გაშიფრულ აგენტზე უკეთეს ოპონენტს“ ვერ იპოვიდა და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ სარჩელს არ შეიტანდა. მისი თქმით, ისინი სახელმწიფოებრივად მოქმედებენ და მათი ვალია, ამომრჩევლებისა და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის წინაშე, ასევე კონსტიტუციური დანაწესებიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ ჰქონდეთ.

გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გასამართი სხდომის პროცედურები განმარტა. მისი თქმით, სხდომაზე სასამართლო შუამდგომლობებზე მიღებულ განჩინებას გამოაცხადებს, შემდეგ მომხსენებელი მოსამართლე სარჩელის შესახებ მოკლე ინფორმაციას მიაწვდის პლენუმს, ბოლოს კი მოსარჩელის ახსნა-განმარტება იქნება წარდგენილი. გორდულაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დეტალურად განიხილავენ, რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედება მიემართება.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონე არიან, თუმცა რეალურად „ერთი განაყარი“ არიან და ერთი განზრახვით მოქმედებენ. გორდულაძე აცხადებს, რომ ხაზგასმული იქნება 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ განხორციელებული არადემოკრატიული და არასახელმწიფოებრივი ქმედებები. მისი განმარტებით, პარტიებს შეერაცხებათ ის ქმედებებიც, რომლებსაც არ გაემიჯნენ და კოალიციაში შესვლით დაეთანხმნენ.

გორდულაძის თქმით, როდესაც პარტია არასამართლებრივია და სამართლებრივ სახელმწიფოს ებრძვის, პარლამენტის წევრებს და შესაბამის სუბიექტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მათი აკრძალვის მოთხოვნით მიმართვის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვთ.

მისი თქმით, ამომრჩევლის არჩევანს ვერავინ გააუქმებს, რადგან ამის გარანტია საქართველოს კონსტიტუციაა. სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან დაკავშირებით მან ის არგუმენტი გაიხსენა, რომ იტალიასა და გერმანიაში ნაცისტური და ფაშისტური პარტიების გაუქმებისასაც ჰყავდათ ამომრჩევლები და წევრები, და თავად დაასკვნა, რომ ამით ადამიანებს არჩევანის უფლება არ შეზღუდვიათ.

გორდულაძემ ისაუბრა პარტიების მხარდამჭერებზეც. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველ დღეს აქციის ორგანიზებას ცდილობდნენ და დაახლოებით 30 ადამიანი შეკრიბეს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების რაოდენობა კი მონაწილეებზე მეტი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირა საღამოს, ხუთივე პარტიამ ერთად ისევ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოიყვანა მარშზე, როგორიც სხვა კვირებშიც იყო. გორდულაძის შეფასებით, საზოგადოებას უკვე მოჰბეზრდა „გარედან მართული აგენტურის“ წარმომადგენელი პარტიების საქმიანობა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ