30 ოქტომბერს სიმფონიურ ორკესტრს გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს, სოლისტი იაკუბ იაკოვიჩი იქნება

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში 30 ოქტომბერს სიმფონიური მუსიკის მორიგი კონცერტი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე საკონცერტო სეზონის ფარგლებში ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ორკესტრს პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს. სოლისტი მსოფლიო სცენების გამორჩეული მევიოლინე იაკუბ იაკოვიჩი იქნება.
კონცერტზე შესრულდება კამილ სენ-სანსის სავიოლინო კონცერტი N3 და სერგეი რახმანინოვის მეორე სიმფონია.
101-ე საკონცერტო სეზონი 2 ოქტომბერს კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით გაიხსნა. სოლისტის რანგში მაშინ მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ვალერი სოკოლოვი წარდგა მსმენელის წინაშე.


