წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

1996 წელს დაარსებული წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლა ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში დაარსდა. სამი ათწლეულის განმავლობაში მან გააფართოვა საგანმანათლებლო შესაძლებლობები, განავითარა ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო განათლების მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადადგა. სკოლის საქმიანობას დაარსებიდან დღემდე განსაზღვრავს დევიზი „ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის“ (Non scholae sed vitae discimus).
სკოლის დამფუძნებლები გრიგოლ ბულია და იოსებ ხუციშვილი არიან. მისი ისტორია აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში დაიწყო. თავდაპირველად მნიშვნელოვანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ბავშვები უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში შეძლებდნენ სწავლასა და განვითარებას. პირველ წლებში სკოლას ადგილმდებარეობის რამდენჯერმე შეცვლაც დასჭირდა, თუმცა განვითარება არ შეჩერებულა.
დროთა განმავლობაში სკოლამ გააუმჯობესა სასწავლო გარემო, განავითარა ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები და სპორტული სივრცეები, გააძლიერა უცხო ენების სწავლება და მეტი ყურადღება დაუთმო თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას. 2018 წელს სკოლა გაფართოვდა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ცალკე კამპუსი გაიხსნა.
სკოლის საგანმანათლებლო გარემოს საფუძვლად დღემდე ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებები, ურთიერთპატივისცემა და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა რჩება. დღეს სკოლას 20 გამოშვება ჰყავს და დაახლოებით 1200 მოსწავლეს აერთიანებს. მისი მიზანია, მოსწავლეებს ხარისხიანი ფორმალური და არაფორმალური განათლება მისცეს, რათა მათ საკუთარი პოტენციალი ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინონ.
განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამერიკული სადიპლომო პროგრამა American Diploma Program (ADP). ის საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს მოსწავლეებს და დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს უვითარებს.
სკოლაში AP გამოცდების ცენტრიც ფუნქციონირებს. Advanced Placement პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ცალკეულ საგნებში საუნივერსიტეტო დონის მასალის შესწავლა და ცოდნის შესაბამისი გამოცდებით დადასტურება შეუძლიათ. ჩარიცხვის შემთხვევაში მოსწავლე ზოგავს მნიშვნელოვან ფინანსურ და დროის რესურსს.











