საზოგადოება

ჩხაიძე: რისკის ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია

ჩხაიძე: რისკის ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. მისი თქმით, ყველაზე მძიმე მიმდინარეობა, ყველაზე მეტი გართულება და გარდაცვალების შემთხვევები გრიპის ვირუსით არის გამოწვეული. ამიტომ რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია, ჩხაიძის შეფასებით, კატეგორიულად აუცილებელია.

ჩხაიძე განმარტავს, რომ ვირუსების აქტიურობა წლის განმავლობაში იცვლება და ყველაზე მეტია შემოდგომა-ზამთარში. გრიპით გამოწვეულ გართულებებად ის ასახელებს ფილტვების ანთებას, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასა და გულის კუნთის დაზიანებას. მისი თქმით, ყველა მათგანი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება ყველამ გაიკეთოს 6 თვის ასაკიდან, თუმცა ვაქცინაცია საყოველთაო არ არის. ჯანმო რისკის ჯგუფებს გამოყოფს, სადაც გრიპით გამოწვეული გართულების ალბათობა ყველაზე მაღალია. მაღალი რისკის ჯგუფში შედიან მცირე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, ხანდაზმულები, ორსულები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე პირები. ასევე რისკის ჯგუფშია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა მძიმე თანმხლები დაავადებების მქონეები. ჩხაიძის თქმით, ვაქცინაცია მათთვის ინფიცირებისა და მძიმე გართულების თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობაა.

ვაქცინის გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ იმ დღეს, როცა ადამიანს მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები აქვს, მაგალითად ყელის ტკივილი, გამონაყარი ან ნაწლავთა მოქმედების დარღვევა. ასეთ შემთხვევაში აცრა უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.

ალკოჰოლთან დაკავშირებით ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ პირველი ორი დღის განმავლობაში რეკომენდებულია მისგან თავის შეკავება. მისი განმარტებით, ეს მძიმე გართულების რისკს არ უკავშირდება და უბრალოდ „სასურველია, ორგანიზმმა დაიცვას ეს მცირე შეზღუდვა“. ალკოჰოლსა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შორის სხვა სპეციფიკური უკუჩვენება არ არსებობს.

ჩხაიძის თქმით, ვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად არის საჭირო, რადგან ის არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში მოქმედებს და გრიპის სეზონთან არის დაკავშირებული. საქართველოში გრიპის სეზონი 6-8 თვე გრძელდება. აცრისთვის იდეალური პერიოდია ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის პირველი ნახევარი, ხოლო ვაქცინა მაქსიმალურ ეფექტს გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ აღწევს.

წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. გასულ წელს ვაქცინა ოთხკომპონენტიანი იყო: ორი „ა“ და ორი „ბე“ ტიპის ვირუსზე მორგებული. ჩხაიძის განმარტებით, „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაში შედიოდა, ბოლო პერიოდში დაავადებებს აღარ იწვევდა.

აცრის ჩატარება შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ ყველა ავტორიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ