პენიტენციური სამსახური: გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახიდან საკანში გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახიდან საკანში გადაიყვანეს. უწყება მის ადვოკატს, პაატა გოგიაშვილს, ეხმიანება და მის განცხადებას სინამდვილესთან შეუსაბამოდ აცხადებს.
ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ბრალდებული ამჟამად №8 დაწესებულებაში არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანშია.
უწყების ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე ფეიქრიშვილი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ მას დაუმუშავეს თვითდაზიანების შედეგად მიყენებული ჭრილობა ხელზე: გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი.
ამის შემდეგ ბრალდებული მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე დაბრუნდა №8 დაწესებულების დეესკალაციის ოთახში, სადაც 22 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. 22 ოქტომბერს, 15:30 საათზე კი საკანში გადაიყვანეს.
სამსახური აცხადებს, რომ ფეიქრიშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადვოკატის ინფორმაციას, თითქოს ბრალდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, უწყება „ყოველგვარ საფუძველს მოკლებულად“ და სინამდვილესთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.











