კონფლიქტები

ზელენსკი: ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არავინ აღიარებს

ზელენსკი: ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არავინ აღიარებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს.

CNN-თან საუბარში ზელენსკიმ ფრონტის ამჟამინდელი ხაზების გაყინვის შესაძლებლობაზე მიანიშნა, რათა „ცეცხლი შეწყდეს, შეჩერდეს მკვლელობები, მხარეები დასხდნენ და ისაუბრონ“. იმავდროულად, მისი თქმით, რუსეთისთვის იმ ტერიტორიების დათმობა, რომლებიც ამჟამად უკრაინის კონტროლქვეშაა, სრულიად მიუღებელია.

„ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დაცვისას. ამ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული, არავინ აღიარებს რუსეთის ტერიტორიებად და, ვფიქრობ, რუსეთს ეს ესმის. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს არ ესმის, მაგრამ ეს უკვე მათი საქმეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა. „ამ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება მაქვს: ეს მათი ტერიტორია არ არის, ეს ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა. მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ჯერ ერთი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მისცეს ხმა, ხოლო მეორე ეტაპზე - და მინდა, ამას ხაზი გავუსვა - რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. ასე რომ, ვფიქრობ, ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა. ეს სადავო საკითხია და ამ თემაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება“, - განაცხადა პუტინმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ