ბოჭორიშვილი: ცენტრალურ აზიასთან ეკონომიკური შედეგებისთვის ძლიერი პოლიტიკური დიალოგია საჭირო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ივლისში უზბეკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.
ბოჭორიშვილმა თურქმენეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს, ივლისში გაიმართა. მისი განცხადებით, ამ ვიზიტით პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებშიც. მისივე განცხადებით, ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი წელს, ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა.
„ასევე ტაჯიკეთში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრები, ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია. თუკი შევხედავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი სიტყვებით, „რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალურად ვაქციოთ და სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაში“.
ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ინიციატივას შეუერთდნენ, რათა ამ ფორმატში პირველი შეხვედრა ბათუმში გამართულიყო. მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ურთიერთობის განვითარებაში და საბოლოოდ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც, მისი შეფასებით, თანამედროვე პროცესებში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია.











