ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები პირველად ერთად შეიკრიბნენ

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. ის ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით მოეწყო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი.
სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობების დინამიკაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
განხილვისას აღინიშნა ამ ქვეყნების როლი ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერებაში. განსაკუთრებული ყურადღება „შუა დერეფანს“ და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას დაეთმო.
მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში.
სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა პირველი ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობას პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის და გამოითქვა მზაობა, თანამშრომლობა ამ ფორმატში გაგრძელდეს.











