პოლიტიკა

ლორთქიფანიძე: მარტო დარჩენილ საქართველოს რუსეთის იმპერია გასრესს

ლორთქიფანიძე: მარტო დარჩენილ საქართველოს რუსეთის იმპერია გასრესს

პოლიტოლოგი და „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პრობლემა არ არის „ტელეფონის“ არსებობა საქართველოს ხელისუფლებასა და „ჩვენს მტრებს“ შორის, თუმცა მარტო დარჩენილ საქართველოს რუსეთის იმპერია გასრესს. მან ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

ლორთქიფანიძის თქმით, ასეთი კავშირები პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანას გვერდით არავინ უდგას და ზურგს არავინ უმაგრებს. მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში ქვეყანა მარტო, პირისპირ რჩება იმპერიის წინაშე, რაც, მისივე თქმით, „გაჟლეტის, გასრესის წინაპირობაა“.

პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველომ დასავლეთთან ინსტიტუციური კავშირები და თანამშრომლობის ფორმატები გაწყვიტა, იზოლაციის პოლიტიკის გეზი აიღო და მარტო დარჩა. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკას იზიარებს, ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს და ზოგ საკითხში დაექვემდებაროს, თუმცა რუსეთთან ფორმალური და ინსტიტუციური კავშირები არ აქვს. ლორთქიფანიძის თქმით, ახლა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები ამ ინსტიტუციური, ფორმალური კავშირების მშენებლობას იწყებენ.

მისი შეფასებით, ეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე არ მივა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების გარდა კავშირის ყველა სხვა ფორმის გამოღვიძებას „ქართული ოცნება“ დაიწყებს.

ლორთქიფანიძემ რუსეთის დიპლომატიას „ათასი ხლართის შემქმნელი“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ყველას ატყუებს და ძალადობს. მისი განცხადებით, საქართველო კი ისეთ საგარეო უწყებას აგზავნის, რომელიც გავლენიანი დიპლომატებისგან დაცლილია.

„როდესაც ზურგი არ გაქვს, კადრი არ გყავს, არავინ არ გყავს მომზადებული, იზოლაციაში ხარ და აქ გერმანიის ელჩს რომ ესხმი თავს, ასეთ დროს რომ ვიღაცას აგზავნი, ნიშნავს რომ 100-0 გაქვს წაგებული“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ამ პირობებში არავის გაგზავნა სჯობდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ