სიხარულიძე: რუსეთი ჟენევის ფორმატის განადგურებას ქართველების ხელით ცდილობს

აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ ქართველების მხრიდან ჟენევის ფორმატის დაკნინების მცდელობა შემაშფოთებელი და საგანგაშოა.
სიხარულიძის თქმით, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი არაეფექტურია იმიტომ, რომ მას რუსეთი უკეთებს ტორპედირებას. მისი განმარტებით, რუსეთს არ მოსწონს, რომ ეს არის საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება სხვა საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით.
„არავინ არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ ვერ მიხვდეს, რატომ არ არის ჟენევის ფორმატი ეფექტური. იმიტომ არ არის, რომ რუსეთი უკეთებს ტორპედირებას. ისინი ცდილობენ, რომ ეს ფორმატი იყოს არაეფექტური იმიტომ, რომ მათი ხელით კი არ მოხდეს ფორმატის განადგურება, არამედ სხვისი ხელით და თუ ეს ქართველების ხელით იქნება, ეს პირდაპირ ეთანხმება რუსეთის ინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შენარჩუნება“, - განაცხადა სიხარულიძემ.
მისი შეფასებით, რუსეთში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნა მთავარი პრობლემა არ არის. მთავარი და უმძიმესი პრობლემა თავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, რომელიც, სიხარულიძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხორციელდება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.
სიხარულიძე ამბობს, რომ ენერგეტიკული, სავაჭრო და ფინანსური დამოკიდებულება რუსეთს ჰიბრიდული ბერკეტებით საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესების შესუსტების შესაძლებლობას უზრდის. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს არანორმალურობად აღიქვამს და მას საკუთარ თავზე დამოკიდებულ წარმონაქმნად აქცევას ცდილობს, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უწყობს ხელს.
„ეს სავაჭრო ურთიერთობები გაცილებით დიდი რისკის მატარებელია ქართული სახელმწიფოსთვის, ვიდრე რამის მომტანი. ძალიან არასწორია და მძიმეა ის, რომ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, ფინანსური და ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე ასე ბრმად და გაუაზრებლად იზრდება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რუსეთი ამას აუცილებლად ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით სიხარულიძემ თქვა, რომ ასეთი პროცესი რუსეთს საკუთარი ამოცანების შესრულებაში ეხმარება.
„რუსეთის სტრატეგიული ამოცანა გახლავთ ქართული სახელმწიფოს განადგურება, დაკნინება და საქართველოს ქცევა საკუთარ სატელიტად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი რიგის ამოცანაა ის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს რეპუტაცია იქნას მაქსიმალურად დაკნინებული და ქართული მოსახლეობა დააპირისპიროს ერთმანეთს, რაც შეიძლება მეტი განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში და გააღვივოს შუღლი. ყველა ამ ამოცანის შესრულებას ეხმარება ასეთი ტიპის პროცესი“, - განაცხადა სიხარულიძემ.











