პოლიტიკა

მელაშვილი: პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომელიც რუსეთთან დაგვაახლოებს

მელაშვილი: პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომელიც რუსეთთან დაგვაახლოებს

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გიორგი მელაშვილის შეფასებით, პარტიების აკრძალვა წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც საქართველოს დასავლურ სამყაროს კიდევ უფრო დააშორებს და რუსეთთან დააახლოებს. მან ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მელაშვილის თქმით, მმართველობის მოდელით, რომელიც ახლა საქართველოში მკვიდრდება, საქართველო გაცილებით უფრო წააგავს თურქმენეთს და უზბეკეთს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს. მისი განმარტებით, ამ მოდელს განსაზღვრავს პარტიების აკრძალვა, სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვა და ერთპარტიული, ერთპიროვნული დომინაციის დამყარება.

მელაშვილი აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვაზე საუბარი იმას არ ეხება, კარგი პოლიტიკური პარტიები არიან თუ ცუდი. მისი თქმით, საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება ერთმევა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ცესკოს დათვლითაც კი, პარტიებს, რომელთა აკრძალვასაც აპირებენ, მანდატების დაახლოებით ნახევარი უნდა მიეღოთ, ანუ პარლამენტი მოსახლეობის ნახევარს უნდა წარმოადგენდეს.

მელაშვილის თქმით, ყველა ამ პარტიის აკრძალვა არღვევს ევროკავშირის კრიტერიუმებს, რადგან წევრ სახელმწიფოში პლურალისტური პოლიტიკური გარემო უნდა არსებობდეს. მისი მტკიცებით, ამ გარემოს ამოძირკვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციაზე საუბარი შეუძლებელია.

მას მეორე საერთაშორისო ასპექტადაც მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და მიდგომა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება. მელაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი არცერთ საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

„საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგად ჩვენ ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას, რომ იმის ნაცვლად, საქართველომ გადაინაცვლოს უფრო დასავლეთით, ჩვენ უფრო მეტად მივდივართ ცენტრალური აზიისკენ“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ