პოლიტიკა

გეგელია: ზურაბაშვილის დანიშვნა კაპიტულაციის განცდას აჩენს

გეგელია: ზურაბაშვილის დანიშვნა კაპიტულაციის განცდას აჩენს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა ერთადერთ განცდას, კაპიტულაციის განცდას აჩენს. მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან პრაქტიკულად გაპარტახდა, პრემიერი ირაკლი კობახიძე კი რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე ზრუნავს და ბათუმშიც იმ კურსს ატარებს, რაც რუსეთს ახარებს.

გეგელიას თქმით, როგორც ზურაბაშვილის დანიშვნა პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად, ისე 5 პარტიის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა რუსული დავალების შესრულებაა.

„სწორედ იმავე დღეს, როდესაც ზურაბაშვილი წარადგინა კობახიძემ, მეორე ხელით დაიწყო ეს ანტიკონსტიტუციური სარჩელი 5 პარტიის წინააღმდეგ, რომლებსაც მილიონი ქართველის ხმა აქვთ. ეს არის რუსული დავალების შესრულება ბათუმში და რუსული დავალების შესრულება თბილისში, სრულ სინქრონში. იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-თან, ვხედავთ, რომ პრემიერი კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე და ამიტომ, აქაც, ბათუმში იმ კურსს ატარებს, რაც ახარებს რუსეთს. ეს არ არის ჩემი პოლიტიკური შეფასება, ეს არის ფაქტი. გუშინ ეს ფაქტი დაადასტურეს რუსეთის მაღალჩინოსანმა, ზატულინმა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაქო კობახიძის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსი, ისევე როგორც აქებს მას ზახაროვა“, - განაცხადა გეგელიამ.

ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა, ამ ფაქტს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა არსებობდეს და განვითარდეს. მათ, რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობაში ბრალს არა საკუთარ თავს, არა საკუთარ წარსულ შეცდომებს, არამედ რუსეთის ფედერაციას აკისრებს“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ