კუპრაძე: პარტიების აკრძალვა საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს ეხება

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვა მხოლოდ რიგით პარტიებს კი არა, საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს ეხება. სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმი „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს.
კუპრაძის თქმით, პროცესთან მიმართებით ნდობის კრიზისი არსებობს. გამოსავლად მან ის დაასახელა, რომ პლენუმმა პროცედურულ საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.
მისი განმარტებით, პროცესი პოლიტიკურ-სამართლებრივია. პოლიტიკურად იმიტომ მიაჩნია, რომ პარლამენტის 89 დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვა გადაწყვიტა.
კუპრაძემ აღნიშნა, რომ პლენუმში 9 მოსამართლის ნაცვლად 7 მოსამართლეა წარმოდგენილი: ერთი მოსამართლე პარლამენტმა ვერ დანიშნა, მეორემ თვითაცილება დააყენა, რასაც, მისი თქმით, პლენუმმა ანგარიში არ გაუწია, შემდეგ კი ის სასამართლოს შემადგენლობას საერთოდ გამოეთიშა. მისივე თქმით, პლენუმი სულ ახლახან განახლდა ორი მოსამართლით, ხოლო ორ მოსამართლეს, რომლებიც აღარ არიან წარმოდგენილი, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. კუპრაძის შეფასებით, ეს ქრონოლოგია აჩვენებს, რომ შესაძლოა არსებობდეს პოლიტიკური დაინტერესება, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნების აკრძალვის შესახებ.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო ნდობით სარგებლობს, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც, როცა როინ შავაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. კუპრაძემ პლენუმს სტრასბურგისთვის მიმართვა ურჩია, რათა სარეკომენდაციო ხასიათის შეკითხვაზე, მათ შორის პროცედურულ ნაწილზე, პასუხი გასცეს. მისი თქმით, საქმე უპრეცედენტოა და არ არსებობს განსაზღვრება, როგორ უნდა განიხილონ იგი. ამის მაგალითად დაასახელა ის, რომ შუამდგომლობების განხილვის წესზე პლენუმი ვერ შეთანხმდა: ერთი მეთოდით დაიწყეს, შუა გზაზე შეცვალეს, მერე კვლავ სხვანაირად გადააკეთეს.
კუპრაძემ ისიც თქვა, რომ ყველა პარტიის აკრძალვის განხილვისას ბრალდებები სრულად გამიჯნული უნდა იყოს. მისი განმარტებით, ბრალდებაში „ლელო“ რვაჯერ არის ნახსენები, აქედან 5-ჯერ მხოლოდ სათაურსა და ჩამონათვალში, ბრალი კი მათ არაფერს ედება.
კუპრაძემ ნდობის კრიზისზე მიუთითა იმითაც, რომ სარჩელი სამჯერ შემოიტანეს. პირველ ორ შემთხვევაში სასამართლოს რამდენიმე თვე დასჭირდა, მესამე შემთხვევაში კი, როცა პლენუმის შემადგენლობა განახლებული იყო, ახალი პროცესი სამ დღეში დაინიშნა.











