ბოჭორიშვილი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟეენბეკ კულუბაევთან და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სიროჯიდინ მუხრიდინთან შეხვედრები გამართა. ინფორმაცია საგარეო უწყებამ გაავრცელა.
ბოჭორიშვილსა და კულუბაევს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განუხილავთ. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
უწყების ინფორმაციით: „საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის" განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას".
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიალოგის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ტაჯიკეთში. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის" როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული: „აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის".
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.











