სუს: მეჯვრისხევთან უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე გათავისუფლდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ 2024 წლის 16 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეების გასათავისუფლებლად გამოყენებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.
სუს-ის განმარტებით, მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.











