კობახიძე მდინარაძეს გუნდისთვის გაკეთებული საქმისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსან მამუკა მდინარაძეზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, მდინარაძეს გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული და ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავს.
კობახიძემ დასძინა, რომ უშეცდომო ღმერთის გარდა არავინ არის, შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს და ბუნებრივია, მასაც შეიძლება ბევრი შეცდომა ჰქონდეს დაშვებული. პრემიერის თქმით, მდინარაძეს გუნდისა და ქვეყნისთვის გაკეთებული ყველა კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მას ჰკითხეს, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მდინარაძეზე არაერთგზის გაკეთებული განცხადებების საფუძველზე. კობახიძემ უპასუხა, რომ ეს ექსკლუზიურად საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.
„ამას შესაბამისი უწყებები იძიებენ და შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. უფლებაც არ მაქვს კომენტარი გავაკეთო, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ საკითხებზე ექსკლუზიურად გადაწყვეტილებას იღებენ საგამოძიებო ორგანოები“, - განაცხადა კობახიძემ.











