ფეიქრიშვილების დედა: დავითს გლდანის ციხეში ხუთმა პირმა სხეულის დაზიანებები მიაყენა

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები ამჟამადაც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მათმა დედამ, ნინო აბრამიშვილმა განუცხადა. დედა შვილების „ვივამედში“ გადაყვანას ითხოვს.
ნინო აბრამიშვილის თქმით, საკანში დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და კიდევ ოთხი პირი. დედის განცხადებით, შედეგად მის შვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში მოტეხილობები აქვს. მისივე თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ თვითდაზიანება მეორე შვილმა, გიორგი ფეიქრიშვილმა მიიყენა, რომელიც სხვა საკანში ზის.
აბრამიშვილი აცხადებს: „[დავითი] კლინიკაში ჯერ არ გადაუყვანიათ... კამერაში არის მგლებთან ერთად შეშვებული სპეციალურად. სცენარი დადგეს და ვატო ყიფიანი და სხვები ტყუილუბრალოდ, ვითომ დაიჭირეს. ხუთი ადამიანი: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს საკანში, ჩაუტეხეს ხუთი ნეკნი, მოტეხილი აქვს ორივე მხარეს ყბის ძვლები. როგორც მეუბნებიან, თავის არეში აქვს ჰემატომა. წუხელ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი. მთელი ღამე კვლავ ზეწოლის ქვეშ იყო. ეტყობა, აწამებდნენ. გოგას ვენები გადაუჭრია. მასზე არაფერი ვიცი. მამაომ ნახა დათო, მაგრამ გოგა არ უნახავს. ისიც გადასაყვანია იმიტომ, რომ ნაკერები არ ადევს. იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“
დავით და გიორგი ფეიქრიშვილები თბილისში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობასა და გამოძალვას უკავშირდება. ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის (ე.წ. კაწრო) დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.











