მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტი ბაქოში კომერციული რეისით გაემგზავრა და თურქეთის აკრძალვას გვერდი აუარა

ისრაელის პრეზიდენტი ბაქოში კომერციული რეისით გაემგზავრა და თურქეთის აკრძალვას გვერდი აუარა

ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი გასულ კვირას ბაქოში Azerbaijan Airlines-ის კომერციული რეისით გაემგზავრა და ამგვარად თურქეთის მიერ დაწესებულ საჰაერო სივრცის აკრძალვას გვერდი აუარა. ამან ანკარაში აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, რომ კომერციული რეისის მგზავრებს შორის ჰერცოგიც იყო.

2024 წელს თურქეთმა ჰერცოგს აზერბაიჯანში ვიზიტისას საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. შედეგად, ის ბაქოში აღარ გაემგზავრა, სადაც COP29-ზე დასწრებას გეგმავდა.

ინფორმაცია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გამწვავების ფონზე გავრცელდა. დაპირისპირების მიზეზი აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვის საკამათო გადაწყვეტილება გახდა. ამავდროულად, ანკარა დიდი ხანია უკმაყოფილოა აზერბაიჯანის ისრაელთან მჭიდრო კავშირებით. თურქი კომენტატორების ნაწილმა ეს ორი საკითხი ერთმანეთს დაუკავშირა და მიიჩნია, რომ ბაქოს მხრიდან ისლამისადმი სავარაუდო უპატივცემულობა ნაწილობრივ ისრაელთან მეგობრობით შეიძლება აიხსნას.

პარასკევს გავლენიანმა პროსამთავრობო აზერბაიჯანულმა მედიამ APA-მ სტატია გამოაქვეყნა, რომლითაც თურქეთში ამ ფრენის გამო ატეხილი „აურზაური“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „საკითხი საკმაოდ მარტივია“. APA წერს: „ისრაელის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტისთვის არც სპეციალური თვითმფრინავი გამოუყენებიათ და არც რაიმე უჩვეულო რეისი დაუგეგმავთ. ის აზერბაიჯანში კომერციული რეისის მგზავრის სტატუსით ჩამოვიდა. თუმცა თურქეთში ისინი, ვინც ყოველ ჯერზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბაბს ეძებენ და „ამას ჩხრეკენ“, ამ საკითხსაც მანიპულაციის საგნად აქცევენ“.

ფრენა სხვა აზერბაიჯანულმა მედიებმაც გააშუქეს. მათი მტკიცებით, თურქეთისთვის ჰერცოგის საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ შეტყობინების გაგზავნა საჭირო არ იყო, რადგან ის კომერციული თვითმფრინავით მგზავრობდა.

ჰერცოგი აზერბაიჯანში აზიის ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციაზე (CICA) დასასწრებად იმყოფებოდა. ქვეყანაში ყოფნისას მან პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრაც გამართა.

სამიტზე ჰერცოგის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და სხვებმა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ