აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ცხრა თვეში 965 423 გადაკვეთას ასახელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის დამრღვევებს ავლენენ და აკავებენ. უწყების ხელმძღვანელმა დმიტრი დბარმა ეს დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში გამშვები პუნქტების მუშაობა განიხილეს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულებს უსაფრთხოების სამსახურის რაიონულ განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს „კანონმდებლობით დადგენილი წესით“ წყვეტენ. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი ადამიანი დააკავეს ენგურის მონაკვეთზე საანგარიშო პერიოდში.
სოხუმის 2026 წლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკით, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა 130-ზე მეტ ადამიანს დაეკისრა. ამავე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
იმავე შეხვედრაზე დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვარზე, გამშვები პუნქტების მიმართულებით, მოქალაქეების 965 423 გადაკვეთა და 52 780 სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება დაფიქსირდა.











