ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 309 დაშავდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა. BBC-ი ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის დადასტურებით, დაღუპულთა შორის ოთხი საუდის მოქალაქეა, ორი ბანგლადეშის, ხოლო თითო აშშ-ის, იორდანიის, პალესტინის, სირიის, სუდანისა და ეგვიპტის მოქალაქე.
მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერაციები შეჩერებულია.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ თავდასხმას „ომის დანაშაული“ უწოდა და დაპირდა, რომ პასუხს გასცემს. კოალიცია თავდასხმაში იემენელ ჰუსიტებს ადანაშაულებს.
ჰუსიტებს თავდასხმაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე კი მათ იმავე აეროპორტზე ხუთშაბათს განხორციელებულ დარტყმებზე აიღეს პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და თვითმფრინავი დაზიანდა.
ჰუსიტების მტკიცებით, ისინი საუდის არაბეთს იმიტომ ესხმიან თავს, რომ სამეფო იემენში განახლებულ სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს იემენის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის შეტევით ოპერაციას, რომლის მიზანი ჰუსიტებისგან ტერიტორიების დაბრუნებაა.









