ზელენსკი: ზაპოროჟიეზე დარტყმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთმა დიზელის სანქციების მოხსნას ამგვარად „უპასუხა“

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნას ზაპოროჟიეში საცხოვრებელ ბინებზე ხუთი მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოგდებით „უპასუხა“.
„დღეს, რუსეთმა მადლობა გამოხატა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის ზაპოროჟიეში საცხოვრებელ ბინებზე ხუთი მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოგდებით. ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, თორმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ თოთხმეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“, - წერს ზელენსკი.
მისივე შეფასებით, გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერ შესუსტებას ისე აღიქვამენ, თითქოს ბრძოლის გაგრძელება და ქალაქებზე ბომბების ჩამოგდება შეუძლიათ.
„სხვა სიგნალებია საჭირო. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს და ეს რომ მოხდეს, რუსეთმა თავისი დანაკარგები უნდა იგრძნოს. ახლა, ჩვენი შორი მანძილის საშუალებები უზრუნველყოფენ ამას და რუსეთის დარტყმებს ვუპასუხებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი.






