პოლიტიკა

გოცირიძე: რუსული გაზის წილი საქართველოს მოხმარებაში 28%-მდე გაიზარდა

გოცირიძე: რუსული გაზის წილი საქართველოს მოხმარებაში 28%-მდე გაიზარდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსული გაზის მოხმარების დინამიკა საგანგაშოდ იცვლება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გოცირიძე ხელისუფლებას ენერგეტიკული პოლიტიკის კუთხით „დანაშაულებრივ უგუნურებაში“ ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსული გაზის წილის 28%-მდე ზრდით „ქართულმა ოცნებამ“ კრემლს ქვეყნის შანტაჟისთვის სასურსათო ემბარგოზე და პროპაგანდისტულ მითებზე უფრო ძლიერი იარაღი ჩაუგდო ხელში.

მისივე მონაცემებით, 2018 წელს ქვეყნის გაზის მთლიან მოხმარებაში რუსული გაზის წილი 1,7 პროცენტი იყო, 2019 წელს — 6,3, 2020 წელს — 7,9, 2021 წელს — 15, ხოლო 2022 წელს 17,3 პროცენტი. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს, 2024 წელს 25 პროცენტს, 2025 წელს კი 28 პროცენტს მიაღწია.

გოცირიძე წერს: „რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს შანტაჟს და გააფართოებს სასურსათო ემბარგოს, რომელიც უკვე დაგვიწესა. კვლავ გაახსენდებათ ლუგარის ლაბორატორია და მოითხოვენ მის დახურვას, რომელსაც რუსული პროპაგანდა მოწამლული კოღოებისა და ღამურებისგან მომდინარე საფრთხეებით გაამყარებს.“

მისი განმარტებით, რუსეთს სასურსათო ემბარგოზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს და ის „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააგდებინა ხელში. ეს გაზია. გოცირიძე შეახსენებს, რომ ამ იარაღის ზემოქმედება საქართველომ 2005 წლის ზამთარში საკუთარ თავზე გამოსცადა.

პოლიტიკოსი რუსეთის ტაქტიკას ბაზარზე ეტაპობრივ შეღწევასა და დამოკიდებულების თანდათანობით ზრდას, ანუ ბაზრის ხელში ჩაგდების მცოცავ პოლიტიკას უწოდებს. მისი შეფასებით, ოკუპანტ სახელმწიფოზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერება მხოლოდ უგუნური ნაბიჯი არ არის, ეს დანაშაულია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ